სიდრის და სხვა ხილის ღვინოების ეტიკეტირება
სიდრის და სხვა დადუღებული სასმელების კატეგორია რეგულირდება სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ, შესაბამისათ თუ გსურთ თქვენი სასმლის ეტიკეტის გაკეთება უნდა გაითვალისწინოთ მათი მოთხოვნები, რომელიც ძირითადად საერთოა ყველა სურსათის კატეგორიისთვის.
საქართველოში სარეალიზაციოდ განთავსებული სურსათის ეტიკეტის სიზუსტეზე პასუხისმგებლობა ეკისრება ბიზნესოპერატორს. პროდუქტის ეტიკეტის შედგენისას გასათვალისწინებელია შემდეგი მოთხოვნები:
- ეტიკეტი უნდა იყოს ქართულ ენაზე. ინფორმაცია უნდა იყოს სრული, გასაგები, შესამჩნევი და ადვილად წასაკითხი
- დასახელება და შედგენილობა უნდა იყოს ხედვის ერთ არეალში
- ეტიკეტი შეფუთულ პროდუქტზე ისე უნდა იყოს მიმაგრებული, რომ ადვილად არ სცილდებოდეს
- დასაშვებია ეტიკეტზე წერილობითი, ბეჭდური ან გრაფიკული გამოსახულების განთავსება
სურსათის ეტიკეტი უნდა მოიცავდეს შემდეგ სავალდებულო ინფორმაციას:
- პროდუქტის დასახელება, რომელიც უნდა მიანიშნებდეს სურსათის ნამდვილ ბუნებაზე;
- ინგრედიენტების ჩამონათვალი უნდა დაიწეროს მასის კლების მიხედვით, „შემადგენლობა“ სათაურის შემდეგ (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სურსათი მხოლოდ ერთ ინგრედიენტს შეიცავს);
- შედგენილი ინგრედიენტების შემთხვევაში, მათი ჩამონათვალი ფრჩხილებში შემადგენლობის მითითებით, მასის კლების მიხედვით;
- იმ შემთხვევაში, თუ ინგრედიენტის შემცველობა სურსათს სპეციფიკურ თვისებებს ანიჭებს, უნდა მიეთითოს მისი საწყისი რაოდენობა;
- იმ შემთხვევაში, თუ ერთი ან რამდენიმე ინგრედიენტის შემცველობა 5%-ზე ნაკლებია და სურსათს სპეციფიკურ თვისებებს ანიჭებს, აუცილებელია ეტიკეტზე მისი/მათი პროცენტული შემცველობის მითითება. იმ შემთხვევაში, თუ ინგრედიენტის შემცველობა 5%-ზე ნაკლებია და იგი სურსათს სპეციფიკურ თვისებებს არ ანიჭებს, მისი მითითება სავალდებულო არ არის;
- წყლის დამატების შემთხვევაში, აუცილებელია მისი რაოდენობის მითითება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წყალი შედგენილი ინგრედიენტის კომპონენტია და ეს ინგრედიენტი „შემადგენლობაში“ საკუთარი დასახელებით არის წარმოდგენილი (მაგ., მარილწყალი). არ არის აუცილებელი წყლის ან სხვა აქროლვადი ინგრედიენტების მითითება, თუ მათი აორთქლება ტექნოლოგიურ პროცესში ხდება;
- კონცენტრირებული და დეჰიდრირებული სურსათის შემთხვევაში, როდესაც წყლის დამატებით ხდება თავდაპირველი კონცენტრაციის ან სინესტის მასური წილის აღდგენა, აუცილებლად უნდა მიეთითოს ინგრედიენტის ან ინგრედიენტების შემადგენლობა აღდგენილ სურსათში;
- სავალდებულოა შემადგენლობაში ისეთი პროდუქტების მითითება, რომლებიც ჰიპერმგრძნობელობას (ალერგიულ რეაქციას) იწვევს ზოგიერთ ადამიანში. ასეთ პროდუქტებს განეკუთვნება წებოგვარას (გლუტენის) შემცველი მარცვლეული (ხორბალი, ჭვავი, ქერი, შვრია ან მათი ჰიბრიდები), კიბოსნაირები, კვერცხი, თევზი, არაქისი, სოიოს მარცვალი, რძე (მ.შ. ლაქტოზა), თხილი, კაკალი,ნუში, წაბლი, ფსტის კაკალი, შირბახტი, ქოლგისებრთა ოჯახის წარმომადგენლები და მათგან მიღებული პროდუქტები, გოგირდოვანი გაზი და სულფიტები, რომელთა კონცენტრაცია აღემატება 10 მგ/კგ, 10 მგ/ლ;
- გამოყენებულ საკვებდანამატებს „შემადგენლობაში“;
- ტექნოლოგიური დანიშნულებით საკვებდანამატის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია გამოყენების მიზანის მითითება;
- არომატიზატორის გამოყენების შემთხვევაში, მისი ტიპის მითითება: „ბუნებრივი“, „ხელოვნური“, „ბუნებრივის იდენტური“;
- ნეტო წონა (კგ, გ; ლ, მლ);
- თუ პროდუქტი წარმოდგენილია 2 ან მეტი შეფუთული ერთეულით, რომლებიც არ არის განკუთვნილი ცალ-ცალკე რეალიზაციისთვის, უნდა მიეთითოს ერთეულის მასა სურსათის მთლიან მასასთან ერთად;
- იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი მოთავსებულია თხევად მოცულობაში (მაგ., მარილწყალში), საერთო მასასთან ერთად აუცილებელია ძირითადი სურსათის მასის მითითება მშრალ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით;
- წარმოშობის ქვეყანა;
- მწარმოებლის, დამფასოებლის, დისტრიბუტორის, იმპორტიორის ან ექსპორტიორის დასახელება, მისამართი;
- პარტიის მითითება;
- დამზადების თარიღი – რიცხვი, თვე და წელი;
- შენახვის ვადა; სურსათისთვის, რომლის შენახვის ვადა არ აღემატება 3 თვეს, მითითებული უნდა იყოს დღე და თვე და აღნიშვნა სიტყვებით „ვარგისია … მდე“;
- შენახვის პირობები (საჭიროების შემთხვევაში);
- გამოყენების წესი (საჭიროების შემთხვევაში);
- წარწერა „გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი“, (გმო) თუ გენეტიკურად მოდიფიცირებული კომპონენტები სურსათის საერთო მასის 0,9%-ზე მეტია. თუ ერთ-ერთი ინგრედიენტი ამგვარია, მაშინ შესაბამისი მითითება უნდა იყოს შედგენილობაში;
- ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების რაოდენობრივი შემცველობა და ენერგეტიკული ღირებულება.
სურსათის ეტიკეტზე დაუშვებელია ტერმინების „ბიოლოგიური“, „ეკოლოგიური“, „ეკო“, „ბიო“, „ორგანული“ და მათი ნებისმიერი კომბინაციის მითითება, თუ პროდუქტის წარმოება/დამზადება ბიოწარმოების წესით არ განხორციელდა.