რატომ სიდრი?

entry image

რატომ სიდრი?

სიდრი ერთერთი უძველესი მსუბუქი ალკოჰოლური სასმელია, რომელიც ხილის, ძირითადად ვაშლის წვენის დადუღების საშუალებით მზადდება. სხვაგვარად მას ვაშლის ღვინოსაც უწოდებენ. სასმელის დასაყენებლად იმ ჯიშის ვაშლის წვენიც გამოყენება, რომელიც საკვებად უვარგისია. ხშირ შემთხვევაში დუღილის მეორე ეტაპზე ალკოჰოლის პროცენტულობის დასარეგულირებლად მას შაქარს ან რაიმე სხვა ხილის წვენს უმატებენ. თუმცა ექსპერტთა აზრით ნამდვილი სიდრის შემადგენლობის მინიმუმ 90 % ვაშლი უნდა წარმოადგენდეს. ბრიტანული რეგულაცია ამ მოსაზრებას ნაწილობრივ ითვლისწინებს და მწარმოებლებს ავალდებულებს  სასმელის დამზადებისას ვაშლის წილი მინიმუმ 35 % შეადგენდეს.

სიდრის ალკოჰოლის შემცველობა ლუდის მსგავსია, თუმცა არომატების სიმრავლით უფრო ღვინოს მოგაგონებთ.

ევროპის მაღაზია, სადაც სიდრი და ლუდი ერთად არის დალაგებული

სიდრის სომელიეს დენ პუჩის თქმით ის სრულყოფილი სასმელია; მკაფიო მჟავიანობითა და დაბალია ალკოჰოლის შემცვლელობით.

დენ პუჩი – სიდრის სომელიე
ამ უნიკალური საგემოვნო თვისების წყალობით ის მთელს მსოფლიოში უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

ამ ეტაპზე სიდრს ყველაზე დიდი რაოდენობით ევროპაში, განსაკუთრებით კი დიდ ბრიტანეთში მოიხმარენ, თუმცა ნელ-ნელა ვაშლის ღვინო ქვეყნის ნომერ პირველი სასმელის სტატუს ამერიკის შეერთებულ შტატებშიც იბრუნებს. სადაც უკვე დაიწყეს მშრალი კანონის დროს გაჩეხილი ვაშლის ბაღების აღდგენა.

ერთერთი ინგლისური სიდრის მარანი (ამზადებენ მუხის კასრებში)
რაბობანკის მონაცემებით შედეგად სიდრის წარმოება ყოველწლიურად 5%-ით გაიზრდება და 2020 წლისთვის 3 მილიარდ ლიტრს მიაღწევს.

ევროპულ ქვეყნებში ვაშლის ღვინოს ძირითადად ლუდის სექციაში წააწყდებით. ის ალუმინის ქილაში ან შუშის ბოთლშია ჩამოსხმული. იგივე ფორმით იყიდება კლუბებში, ლუდის ან სპეციალურ ბარებში, არსებობს ისეთი სივრცეებიც სადაც კრაფტ სიდრის შეძენასაც შეძლებთ.

რეგიონში სასმელს თურქეთი, ბელარუსია, უკრაინა, რუსეთი და აზერბაიჯანი აწარმოებენ.

საქართველოში ყოველწლიურად მოსული ხილის 50 პროცენტს ვაშლი შეადგენს და მისი საშუალო წონა 200 000 ტონას უტოლდება. ის ექსპორტის პოტენციალის მქონე, 21 პრიორიტეტულ პროდუქტის სიაში ხვდება. თუმცა, რეალურად ფერმერები პროდუქტის გადატანას მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ახერხებენ. შიდა ბაზარზე კი ერთი კილო ვაშლის ფასი დაახლოებით 8 თეთრს უტოლდება.

იმის გათვალისწინებით, რომ გვაქვს მაღალი ხარისხის წყალი, მრავალფეროვანი ვაშლის ჯიშები, რომელთა ხარისხის გაუმჯობესებაზე სოფლის მეურნეობის სამინისტრო უკვე მრავალი წელია მუშაობს, ღვინის კეთების უძველესი კულტურა, და უნიკალური, ქვევრის ტექნოლოგია საქართველო იდეალური ქვეყანაა სიდრის საწარმოებლად. ახლა ადგილობრივი 100 ჯიშიდან სამრეწველოდ მხოლოდ 20 გამოიყენება. სიდრის დასამზადებლად კი ყველა მათგანი გამოდგება. სიდრის მწარმოებლებისთვის უმნიშვნელოა ხილის ზომაცა და ფერიც, რაც გლეხებსა და ფერმერების ფაქტობრივად მოსავლის 100 %-ის გასაღების საშუალებას მისცემს.

 

თუმცა, პროცესის დაწყებას ხელს შევარდნაძის ხელისუფლების პერიოდში მიღებული კანონი უშლის,  რომლის მიხედვითაც სიდრის თითოეული ლიტრი (5% ან მეტი ალკოჰოლის შემთხვევაში) 5 ლარით იბეგრება. მაშინ ამ კანონის საჭიროება, ღვინის ფალსიფიკაციის საფრთხიდან გამომდინარეობდა, ახლა კი როცა მსგავსი საშიშროება აღარ არსებობს, დროა პარლამენტმა კანონის შეცვლაზე დაიწყოს მუშაობა. შედარებისთვის 2017 წლის მონაცემებით ლუდის აქციზი 12 თეთრი ღირს, ღვინის კი საერთოდ უფასოა. შესაბამისად ლოგიკურად, სიდრი არ უნდა დაიბეგროს, რადგან ის ვაშლის ღვინოა, ან დაიბეგროს, როგორც ლუდი, რადგან ალკოჰოლის შემცველობა და მოხმარება იდენტურია. იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტისთვის ეს მეორეხარისხოვანი კანონია, მისი შეცვლა არც თუ ისე რთული იქნება.

როგორც რაბობანკის სასმელების კატეგორიის ანალიტიკოსი, მარკ სოციო ამბობს: „სიდრი,  მოიხმარება როგორც ლუდი, მაგრამ მომზადების პროცესი ღვინის მსგავსია, ამიტომ ღვინის მწარმოებლები უნდა მიხვდნენ, რომ სიდრი მათთვის საფრთხე კი არა, ახალი შესაძლებლობაა“

მართლაც, ღვინისა და სიდრის დაყენების პროცესი იდენტურია, შესაბამისად ქართველ მეწარმეებს ტრადიციული ტექნოლოგიის გამოყენება საუკეთესო ხარისხის სიდრის მისაღებად შეუძლიათ. მით უმეტეს, რომ ვაშლის ღვინის დამზადება შესაძლებელია წელიწადის ნაკლებად დაკავებულ პერიოდში, მაგალითად რთველის შემდეგ, რაც ყურძნის ღვინის წარმოების შეუფერხებლად მნიშვნელოვნად გაზრდის ქარხნის რესურსს.

აშშ-ში ქვევრის ტექნოლოგიით დამზადებული სიდრი
შედეგად, მეღვინეებს შეეძლებათ სეზონური ხილით წელიწადში მინიმუმ ორჯერ დააყენონ სიდრი და ამგვარად გაზარდონ წარმოება. გაჩნდება სამუშაო ადგილები, გლეხებსა და ფერმერებს კი ვაშლის ნედლეულის გასაღების პრობლემა სრულიად მოეხსნებათ.

სიდრი სხვადასხვა არომატებით
სამაგიეროდ მივიღებთ ჯანსაღ, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ნატურალურ პროდუქტს, რომელიც გაიყიდება, როგორც ადგილობრივ, ან პოსტსაბჭოთა ბაზარზე, ასევე მთელს მსოფლიოში.